რაზე საუბრობს დიზაინი ? მილანის 61-ე ავეჯის საერთაშორისო გამოფენა - SALONE DEL MOBILE MILANO 2023

img

დასრულდა Castello-ს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი "მილანის რიგით 61-ე ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე - Salone del Mobile Milano 2023", რომელიც მრავალრიცხოვანი პარტნიორების განსხვავებული სტილისტიკის მქონე სტენდების, პავილიონების, Pop-Up ექსპოზიციების, ბრერას დიზაინერულ რაიონში /Brera Design District/ მდებარე ფლაგმანური შოურუმებისა თუ ქალაქის მასშტაბით გაბნეული არტ-ინსტალაციების მონახულების, მოწინავე ტრენდების და კოლექციების ათვისებისა თუ ახალი ბრენდების დამატების გარდა, უმთავრესწილად ეძღვნებოდა კომპანიის ტრადიციად ქცეული ესთეტიური კვლევების და ინსპირაციული შთაგონების, თანამედროვე ავეჯის მაღალი მოდის ინდუსტრიაში არსებული Know-how-სა თუ ინოვაციური ტექნოლოგიების აღმოჩენას, რითაც Castello ყოველწლიურად ანებივრებს თავის მომხმარებლებსა და ვიზიტორებს.


წლევანდელი Fiera იმითაც იყო საინტერესო, რომ მის ფარგლებში პარალელურად იმართებოდა Euroluce 2023-ის სახელწოდებით ცნობილი დღემდე არნახული მასშტაბის მქონე განათების დღესასწაული, რომელზეც წარმოდგენილი არტისტული ექსპოზიციების მრავალფეროვნებამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს.

ასევე, არანაკლებ საინტერესო იყო Salon Satellite 2023-ის რიგით 24-ე გამოშვება (Training and Design of the Future), რომლის ფარგლებშიც საერთო ჯამში წარმოდგენილ იქნა 31 ქვეყნის 35 წლამდე ასაკის 550 ნიჭიერი დიზაინერის ნამუშევარი და 28 საერთაშორისო დიზაინერული სკოლის ფუტურისტული პროექტი, რამაც ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ბიზნესის წარმომადგენლებს დაემყარებინათ საქმიანი კავშირები განსხვავებული ხედვის მქონე ახალგაზრდა ტალანტებთან განსაკუთვრებული დიზაინის (Exceptional Design) ინდუსტრიის დარგში.

შესაბამისად, ჩვენი დელეგაციის ყურადღებაც წინა წლებისგან განსხვავებით უფრო მეტად იყო აქცენტირებული თანამედროვე ილუმინაციის სეგმენტისკენ, რაც წარმატებულად დაგვირგვინდა კიდეც 3 ახალი ექსკლუზივის გაფორმებით მოცემულ სფეროში მოქმედ განსაკუთრებული სტილის მქონე კომპანიებთან. 

ზოგადად შუქი, როგორც კრეატიული დიზაინის სამსახურში მყოფი ინსტრუმენტი გარდასახავს ტექნოლოგიას და ცხოვრების კულტურას ავანგარდულ შთაგონებაში, ილუმინაციური შინაარსის რაფინირებულ ქანდაკებებსა და ეგრონომიულ სისტემებში. ზუსტად ამ Motto-ს მატარებელი თანამედროვე განათება გამოჩნდება Castello-ს სივრცეში ორიოდე თვეში და დაამშვენებს ჩვენი ერთგული მომხმარებლების სახლებს.

ისე კი, ავეჯის გამოფენის პარალელურად მიმდინარე Euroluce 2023-ის სივრცეში განლაგებული მრავალი საინტერესო არტ-ინსტალაციის გამოკვეთილი ტრენდი იყო - გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი ახალი (უნიკალური) ტექსტურისა და რთული ფორმების მქონე განათებები.

როგორც მოგეხსენებათ, დიზაინი გახლავთ ინსტინქტის დონეზე არსებული ცხოვრებისეული გატაცება, ერთგვარი სიამოვნების განცდის მომგვრელი დისციპლინა, რომელსაც არ გააჩნია ლინგვისტური ბარიერი და აერთიანებს განსხვავებული კულტურისა თუ ეთნო-კონფესიური წარმომავლობის მილიონიბით ადამიანს. ასე მოხდა, მილანის ავეჯის 61-ე გამოფენაზეც, რომელმაც 4 დღის მანძილზე თავი მოუყარა ერთ უზარმაზარ სივრცეში დიზაინის მოყვარულ ასობით ათას ადამიანს, რათა კრეატივის, ესთეტიკისა და ინოვაციის წყურვილით გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის ამ გატაცების სიყვარული.

სივრცე, რომელშიც ავეჯი, არტ-დიზაინის დახვეწილი ობიექტები, თანამედროვე სტილის ილუმინაცია და ერგონომიული მოდულური სისტემები მოქნილად ერთიანდებიან ელეგანტურ სიმბიოზში, რათა შექმნან ცხოვრების იდეალური კომფორტის ჰარმონია.

ერთი სიტყვით, განვლილი დამანგრეველი პანდემიური პერიოდის შემდეგ , წლევანდელი Salone, როგორც წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა დიზაინის სფეროში იყო ნამდვილი სიახლის, იდეებისა და ინოვაციის ნამდვილი დღესასწაული, რომლის ფარგლებშიც ცალსახად გამოიკვეთა ახალი შემოქმედებითი ჰორიზონტები, ტრენდები და მოდური აქცენტები, რომლებიც თავის მხრივ უახლოვესი წლების მანძილზე იქნებიან დომინანტურნი არქიტექტურული პროექტების თუ ინტერიერის რენდერინგების პროცესში.

ესენი გახლავთ - პროექტირება-რენდერინგის განხრით:

1. ინდორ-აუთდორ სივრცეების ჰიბრიდული შერწყმა;

2. საძინებელი ზონისა და სამუშაო სივრცის გაერთიანება;

3. სასადილო ზონისა და მისაღები ოთახის ჰარმონიზაცია ერთში;


გამოსაყენებელი მასალების მხრივ:

1. გადამუშავებული მასალების გამოყენება დიზაინში;

2. ახალი ტიპის ნედლეულისგან მიღებული უნიკალური პანელები და ტექსტურები;

3. რთული ფორმების დიზაინი (ბოლო დროს დომინანტი მინიმალისტური სტილისგან განსხვავებით)

საკუთრივ, Salone del Mobile Milano-ზე კი გამახვილებული დიზაინერული აქცენტი მიმართული იყო სამუშაო ადგილების - სივრცეების საჭიროებების გამარტივებისკენ. წარმოდგენილ იყო მრავალი ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება გახდეს სამუშაო ზონა უფრო მეტად მიმზიდველი, მოდულური და კომფორტული. ამ თვალსაზრისით გამოფენაში მონაწილე მრავალმა კომპანიამ წარმოადგინა თავისი ინსპირაცია ფოკუსირებული სამუშაო ადგილების კეთილმოწყოფისა და საცხოვრებელ სივრცეში უფრო მეტად ინტეგრაციის მხრივ.